საზოგადოება
22.02.2022 16:30
საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების შემსუბუქება იწყება, თუმცა, სასწავლო დაწესებულებებში - სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid 19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. პარალელურად, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

კვირის ამბები