დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვილი 50 ათასამდე დოზა „ფაიზერი“ მეორე კვარტალში შემოვა. შესაბამისი განცხადება გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, თავდაპირველად, აღნიშნული დოზებით რისკჯგუფები აიცრებიან.
„დღევანდელ იმუნიზაციის საბჭოზე ვიმსჯელეთ 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე. ჩვენ „ფაიზერისთვის“ ეს ვაქცინა დაკვეთილი გვაქვს, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციას, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სურვილის მიხედვით დაიწყება აცრა. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.