მიმდინარე წლის ბოლოს, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიდ მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას.
„ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსართულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახების მოწყობას.
ცნობისთვის, სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასაწავლო დანიშნულებისაა, მესამე ნაწილში კი, სპორტდარბაზია განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დიდ მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.