სამართალი
21.02.2022 18:48
მამაკაცს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 14 ჭრილობა აღენიშნება - ექიმი

კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 14 ჭრილობა აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქირურგმა გორის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 48 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

,,კლინიკაში შემოყვანისას მამაკაცს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები. თავის, კისრის და ზედა კიდურების არეში ფიქსირდებოდა 14 არაშემავალი სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კვირის ამბები