სამართალი
21.02.2022 15:01
პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა, კერძოდ, აიკრძალა რეგისტრაციის გარეშე პნევმატური იარაღის ტარება.

ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი.

ძალოვანი უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია.

კვირის ამბები