20.02.2022 15:23
ვარიანში სტალინის ქანდაკება დადგეს, სკულპტურა სოფლის შესასვლელში არსებული წყაროს მიმდებარედ, კერძო მფლობელის მიწის ნაკვეთში განთავსდა
გორის მუნიპალიტეტში, სოფელ ვარიანში სტალინის ქანდაკება დადგეს. სტალინის სკულპტურა სოფლის შესასვლელში არსებული წყაროს მიმდებარედ, კერძო მფლობელის მიწის ნაკვეთში განთავსდა. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, იოსებ ჯუღაშვილის ძეგლის დადგმა ვარიანელების და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საერთო სურვილით გადაწყდა და ფინანსების მოძიებაც ერთობლივად მოხერხდა, ტერიტორია კი, სადაც ქანდაკება დაიდგა, კერძო პირს ეკუთვნის და მან თავად გამოთქვა თანხმობა, რომ მიწის ნაკვეთის აღნიშნული ფართი ძეგლისთვის გამოეყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის სტალინის ქანდაკების ავტორი. სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ მართალია, ძეგლი კერძო ტერიტორიაზე დამონტაჟდა, თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია, ფაწტობრივად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მდებარეობს. ,,ბუნებრივია, საბჭოთა სიმბოლიკის განთავსება კანონით იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვა დაწესებულებების შენობებსა თუ ინტერიერში, თუმცა, ქარტია არ ითვალისწინებს კერძო საკუთრებაში აკრძალვას და შესაბამისად, ამ უფლებას ვერავის შეუზღუდავ, მაგრამ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, თუნდაც ის, რომ ადგილი, სადაც სტალინის ძეგლი განთავსდა, მდებარეობს სოფლის შესასვლელში არსებულ წყაროსთან, სადაც ხალხი ჩერდება, ანუ, ვფიქრობ, ამ ადგილს ერთგვარი საზოგადოებრივი ადგილის დატვირთვა მიეცემა და სამწუხაროდ, მაინც იგივე შედეგი ექნება - ტოტალიტარული საბჭოურ-სტალინისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია, თორემ, სხვა მხრივ, კერძო საკუთრებაში ვერავის აუკრძალავ, ვინ რის ძეგლს დაიდგამს", - განაცხადა ლექსო ვალიაურმა.