საქმიანი ქალების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისთვის პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებას, ასევე საზოგადოებაში სწორი ადაპტაციით, მათი ცნობადობის კოეფიციენტის გაზრდას ემსახურება ახლადშექმნილი ორგანიზაცია ,,კრავაი“, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტმა ნინა პერტენავამ და ბრენდინგისა და PR-ის სპეციალისტმა ანა ჩანგიანმა დააფუძნეს.
ორგანიზაციის დამფუძნებლების განცხადებით, „კრავაი“ ფუნქციონირებას თბილისში იწყებს, თუმცა ორგანიზაციის მიზნობრიობა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება და პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავების და საზოგადოებაში სწორი ადაპტაციის მიმართულებით, რეგიონებში მოღვაწე საქმიანი ქალბატონების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.
,,დღეს, საქმიანი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროის მოკლე მონაკვეთში იმ ცოდნისა და ინფორმაციის მიღებაა, რაც ბიზნესისა და პერსონალური ბრენდინგის მართვისთვისაა საჭირო და რაც მათ წარმატების მიღწევაში, მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს. „კრავაი“ საქმიან ქალებს სწორედ ამ მომსახურებებსა და სხვა პროფესიულ ინსტრუმენტებს შესთავაზებს“, - აცხადებენ კრავაის დამფუძნებლები.
„ბიზნესის ცნობადობის კუთხით, საქართველოში ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული პერსონალურ ფაქტორზე. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ კომპანიებს არ იცნობენ. აუცილებელია, ამ კომპანიებს საზოგადოებაში კონკრეტული პერსონა წარადგენდეს. მომხმარებლის ნდობასაც ჯერ პერსონები იმსახურებენ და შემდეგ - კომპანიები. სხვადასხვა სტერეოტიპის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რატომღაც ითვლებოდა, რომ ქალს შეძლებოდა ბიზნესი არ გამოსვლოდა, თუმცა დრომ გვაჩვენა, რომ ქალი ძალიან კარგად ერგება ტურბულენტურ გარემოს და ადაპტაციის კარგი უნარი აქვს. ამიტომ, გაგვიჩნდა სურვილი, რომ იმ ადამიანებს, ვინც გამოიჩინეს ნიჭიერება საქმეში და შეძლეს ბიზნესის ფეხზე დაყენება, დავეხმაროთ იმ სხვადასხვა უნარის გაძლიერებაში, რომელიც პერსონალურად მათი და ასევე, მათი ბიზნესის წარმატებისთვისაა საჭირო. ჩვენი ახალი წამოწყება სწორედ ქალი მეწარმეების საზოგადოებისთვის საუკეთესო კუთხით ჩვენებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ვსწავლობთ და არასდროს ვჩერდებით. ჩვენ მიერ შეძენილ ახალ ცოდნას კი, აუცილებლად გადავცემთ და გავუზიარებთ ჩვენს მეწარმეებს“,- აცხადებს ნინა პერტენავა.