სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მაგული მანძულაშვილი 7 წლის შვილთან ერთად, ახალ წელს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ მარტოხელა დედას, კოტეჯის გასაღები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა გადასცეს.
„4 წლის განმავლობაში, მეჯვრისხევში, ქირით ვცხოვრობდით, ქირის თანხას კი, გორის მერია გვიხდიდა. სახლი დანგრევის პირას იყო და წვიმის დროს წყალი ხშირად ჩამოგვდიოდა. მერიის სოციალურ სამსახურში განაცხადი დავწერეთ და როგორც ხედავთ, დღეიდან კეთილმოწყობილ საცხოვრისში დავიდებთ ბინას. უზომოდ გახარებულები ვართ და ყველა იმ პირს ვუხდით მადლობას, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთო და ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა“, - ამბობს მაგული მანძულაშვილი.
ცნობისთვის, გორის მერიამ მიმდინარე წელს კოტეჯი უკვე მეხუთე ოჯახს გადასცა. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის შესაბამის მუხლის ფარგლებში, 2019 წელს, სულ საცხოვრისით 145 ოჯახი დაკმაყოფილდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ უსახლკარო ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფას მომავალშიც გააგრძელებენ.