რჩევები
18.02.2022 16:43
14 კულინარიული რჩევა, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგადგებათ - სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

გამოცდილება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ერთხელ დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორონ, თუმცა, არის შემთხვევები, როცა პოტენციური შეცდომის თავიდან აცილება სხვისი გამოცდილების გაზიარებით შეგვიძლია.

GMnews-ი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც სამზარეულოში გამოგადებათ. აღსანიშნავია, რომ ეს რჩევები ძირითადად, კერძების მომზადების ტექნიკას ეხება, მაგრამ თუ სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ და მრავალფეროვან კერძებს ხშირად ამზადებთ, შესაძლოა, ეს რჩევები თქვენთვის ნაკლებ საინტერესო იყოს, თუმცა, გამეორება ხომ ცოდნის დედაა.

  1. ალბათ ხშირად მოგსვლიათ, რომ ბულიონს ქაფი დროულად ვერ მოხადეთ და უკან ჩაბრუნდა, ასეთ დროს ქვაბში ერთი ჭიქა ცივი წყალი ჩაასხით და ქაფი ხელახლა წამოვა ზემოთ.
  2. ქათმის ბულიონში ნუ ჩაამატებთ სხვადასხვა სანელებელს, მხოლოდ ხახვი და სტაფილო, თორემ გემოს დაკარგავს.
  3. ნუ დატოვებთ მზა წვნიანებში დაფნის ფოთოლს, რადგან კერძს სიმწარეს მისცემს, ამიტომ, უმჯობესია, თუ სადილის მომზადების შემდეგ დაფნის ფოთოლს ამოიღებთ ქვაბიდან.
  4. თუ ხორცის შეწვას აპირებთ, გირჩევთ, შესაწვავი ხორცის ნაჭრები, ტაფაზე მოთავსებამდე 1-2 საათით ადრე, ძმრისა და ზეთის ნარევში ამოავლოთ, ასე თქვენი შემწვარი ხორცი უფრო რბილი გამოვა.
  5. თუ გინდათ რომ კოტლეტი ან მწვადი წვნიანი გამოგივიდეთ, გაითვალისწინეთ, ტაფაზე მოთავსებისას პირველ წამებში ცეცხლი მაღალი უნდა იყოს, რომ კანი მოიბრაწოს, შეიკრას და წვენი გარეთ არ გამოვიდეს. შემდეგ კი დაბალ, ან საშუალო ცეცხლზე განაგრძეთ მზადება.
  6. ძველი კარტოფილი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ხარშვისას 1 კოვზ ძმარს, 2-3 კბილ ნიორს და დაფნის ფოთოლს დაამატებთ, ასევე, კარგი იქნება, თუ ბულიონში მოხარშავთ.
  7. თუ გინდათ, რომ ცომი ფუმფულა და რბილი გამოგივიდეთ, მასში მოზელვისას წვრილად გახეხილი, მოხარშული კარტოფილი ჩაამატეთ.
  8. თქვენი მოზელილი ცომი მალე აფუვდება, თუ მასში რამდენიმე ღერ მილისებურ გრძელ მაკარონს ჩაარჭობთ.
  9. კრემი რომ ფუმფულა გამოვიდეს, თქვეფისას სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავეთ მიქსერი.
  10. ხორცის ბულიონი რომ გამჭვირვალე და კრიალა იყოს, ხარშვისას გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი ჩაამატეთ, ბოლოს კი - გაწურეთ.
  11. დიასახლისები ხშირად ჩივიან, რომ ბებერ ქათამს დიდი დრო სჭირდება მოსახარშად, თუმცა, არსებობს ხრიკი, რაც დაგეხმარებათ ქათამი მალე მოიხარშოს - თუ 20-30 წუთიანი ხარშვის შემდეგ, ქათამს ცივ წყალში ჩადებთ 5-6 წუთით, ეს საკითხი აღარ შეგაწუხებთ.
  12. გაითვალისწინეთ, თუ ხორცს ღუმელში ამზადებთ, კერძის გამოშრობა და დაწვა რომ თავიდან აირიდოთ, ჯამით წყალი შედგით.
  13. თევზის შეწვა ბევრს არ უყვარს მძაფრი სუნის გამო, თუმცა, ეს პრობლემა მოგვარდება, თუ თევზთან ერთად ტაფაში გათლილი უმი კარტოფილის ნაჭრებს ჩადებთ.
  14. ახალი მომზადებული კომპოტის დალევის სურვილი თუ გძლევთ, ის კი ძალიან ცხელია, ჩადგით ჭურჭელი სხვა, უფრო დიდ ქვაბში, მასში კი ჩაასხით ცივი წყალი და მსხვილი მარილი ჩაყარეთ.
კვირის ამბები