საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს დანაშაულის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება იყო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირზე განაცხადა.
შსს-ს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა ყურადღება დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.
„2021 წელი, ვფიქრობ, კარგად დავხურეთ, შედარებით შემცირებულია დანაშაულის რაოდენობაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც, თითქმის 50 %-მდეა გაზრდილი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი თქვენი, თქვენი თანამშრომლების, გამომძიებლების, ოპერატიული მიმართულებით ნაყოფიერი მუშაობისა. ეს არის თქვენი და თქვენი თანამშრომლების დამსახურება და მინდა, ყველას მადლობა გითხრათ. ასე უნდა გავაგრძელოთ 2022 წელსაც - მინიმუმ, უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმ უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.