დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მცდარია გავრცელებული მოსაზრება, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის შეზღუდულია.
„გვინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. აღნიშნული პირები, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი პროგრამა მოქმედებს, სადაც უპირატესი უფლებით სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სერვისები: მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება; დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა და შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება.