იტალიელი მოაზროვნის, ფილოსოფოსის, თუ არაერთი ნაშრომის ავტორის ჯორდანო ბრუნოს ისტორია საუკუნეებს უძლებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხმამაღლა თქვა, რომ დედამიწა არ არის სტატიკურად მდგომი, არამედ ის მუდმივად განიცდის ცვლილებას, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით „ზღვა კონტინენტად გარდაიქმნება, კონტინენტი - ზღვად“. სწორედ ეს აზრები გახდა მიზეზი ჯორდანო ბრუნოს დევნისა, რის გამოც მეცნიერი 17 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანას აფარებდა თავს და პარალელურად, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი თითოეული ნაშრომი კატეგორიულად უპირისპირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და იმ დროს არსებულ ყველა რელიგიას. როცა ჯორდანო ბრუნო დაიჭირეს, სასამართლოზე შესთავაზეს, გათავისუფლების სანაცვლოდ უარი ეთქვა იმ მიდგომებზე, რასაც წლების განმავლობაში ქადაგებდა, ეს შეთავაზება წლის განმავლობაში სამჯერ მიიღო, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ „მოსანანიებელი არაფერი აქვს“.
საბოლოოდ, ბრუნოს წიგნები აკრძალეს, ხოლო თავად მეცნიერი, როგორც ერეტიკოსი, ისე გაასამართლეს. 1600 წლის 17 თებერვალს რომის ცენტრში, კამპო დეი ფიორის მოედანზე, დაწვეს. XIX საუკუნის ბოლოს, ამ ადგილზე ჯორდანო ბრუნოს ძეგლი აღმართეს.
თუ მსოფლიო კალენდარს გადავხედავთ, 17 თებერვალი სხვა მნიშვნელოვან თარიღებსაც ინახავს. მაგალითად: 1933 წელს აშშ-ში გამოიცა ჟურნალ „ნიუსუიკის“ (Newsweek) პირველი ნომერი; 1947 წელს კი, რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ სსრკ-ის ტერიტორიაზე მაუწყებლობა დაიწყო. 1979 წლის 17 თებერვალს ჩინეთ-ვიეტნამის ომი დაიწყო. უფრო ახლო წარსულში კი, 2016 წელს თურქეთში მოხდა ტერაქტი, რომელსაც 29 ადამიანი ემსხვერპლა.
17 თებერვალს დაბადებულ არაერთ გამოჩენილ ადამიანს შორის გახლავთ ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი (1859 წლის 17 თებერვალი); ასევე, დღევანდელ დღესაა დაბადებული ქართველი პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი (1958 წელი) და ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი (1963 წელი).