საზოგადოება
12.12.2019 15:06
მცენარე, რომელიც ბიოდეგრადირებად კალმისტარში მოთავსებული თესლიდან აღმოცენდება

„ეს გახლავთ ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პასტა, რომელშიც სხვადასხვა მცენარის თესლია მოთავსებული. როდესაც ამ კალამში მელანი გამოილევა და გადააგდებენ, გავა დრო და სანაგვეზე მოსროლილ კალმისტარში მოთავსებული პატარა თესლიდან მცენარე აღმოცენდება.

სტამბოლში ვარ ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე და აქ აღმოვაჩინე, იდეა ძალიან მომეწონა და სურვილი გამიჩნდა, რომ ჩვენთანაც დამზადდეს და ვთქვათ, ყურძნის თესლი მოთავსდეს“, - წერს სოციალურ ქსელ facebook-ში ჟურნალისტი ია თინიკაშვილი.

პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი ირმა კიტრიაშვილია. „მსგავსი ტიპის კალმები ნარჩენების მეორადი გადამუშავების შედეგად არის დამზადებული და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. კალმების წარმოება ჯერ არა, მაგრამ მეორადი გადამუშავების შედეგად სხვადასხვა საკანცელარიო ნივთის წარმოება ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო. მაგალითად, A4 ფორმატის ქაღალდი კარგა ხანია იწარმოება და მისასალმებელი იქნება, თუ როგორც სამთავრობო, ისე კერძო ორგანიზაციები სწორედ ამ ქაღალდს მოიხმარენ. რაც შეეხება საწერი კალმის თემას, როგორც ვიცი, გარკვეულ წრეებში დაინტერესება უკვე არის და ალბათ, სერიულ წარმოებაზე ფიქრსაც დაიწყებენ და ვიმედოვნებ, ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომს გახდიან“, - აღნიშნა GMnews-თან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორმა, ირმა კიტრიაშვილმა.

კვირის ამბები