კულტურა
17.02.2022 17:00
მე-20 საუკუნის გორში 6 კინოთეატრი ფუნქციონირებდა, ყველაზე ძველი კინოთეატრი აგებულია 1935-39 წლებში

მე-20 საუკუნის გორში 6 კინოთეატრი ფუნქციონირებდა. ყველაზე ძველი კინოთეატრი - ,,კომკავშირელი“ იმჟამინდელ ლენინის ქუჩაზე მდებარეობდა (ამჟამად სამეფოს ქ.#64), აღნიშნული შენობა აგებულია 1935-39 წლებში. ერთსართულიანი ნაგებობის კედლები ქვით და აგურით იყო ნაშენი. კინოთეატრი შედგებოდა ფოიეს, 3 ვესტბიულის, მაყურებელთა დარბაზისა და დამხმარე სათავსოებისაგან. ფოიეს ნაწილი და ვესტბიული წარმოდგენილი იყო სვეტებით. დღემდე შემორჩენილია ფასადის ცენტრში წინგამოწეული სვეტების კოლონადა, რომელიც მთავრდება ბალუსტრადით დასრულებული ატიკით. კინოთეატრს გააჩნდა საზაფხულო დარბაზიც. შენობას 2008 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
წლების შემდეგ შენობაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ცალკეული კედლები დაინგრა და წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამჟამად, ,,კომკავშირელის“ ადგილზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა, ნაგებობის ფასადს სვეტების კოლონადა და ბალუსტრადით დასრულებული ატიკა შეუნარჩუნდა პირვანდელი იერით და შენობის პირველ სართულზე კინოდარბაზიც განთავსდება.

გორში, სტალინის ქუჩაზე ფუნქციონირებდა კინოთეატრი ,,ივერიაც“, რომლის ადგილზეც მოგვიანებით სტომატოლოგიური კლინიკა აშენდა, ამჟამად კი, აღნიშნულ ტერიტორიზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

კიდევ ერთი კინოთეატრი გორში მე-20 საუკუნეში ჭავჭავაძის ქუჩაზე, #45-ში აშენებული ,,გამარჯვება“ გახლვთ, რომელიც ამჟამადაც მოქმედია.

ასევე, მოქმედია კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე კულტურის ცენტრის შენობაში არსებული დარბაზიც, რომლის აშენებამდეც, ამავე ტერიტორიაზე კინოთეატრის სხვა, ძველი შენობა ფუნქციონირებდა.

ასევე, გორში, ათეული წლების წინ, ფუნქციონირებდა კინოთეატრი რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზეც.

ღია ტიპის საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებდა კულტურისა და დასვენების პარკის - ახალბაღის ტერიტორიაზეც, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ხანძრის შედეგად განადგურდა.

90-იან წლებში ხანძარს ემსხვერპლა გორში, ასევე ახალბაღის მიმდებარედ არსებული კიდევ ერთი შენობა - გორის საჭიდაო დარბაზი, რომელსაც პერიოდულად აქ გამართული საცირკო წარმოდგენების გამო, ხშირად ცირკის შენობად მოიხსენიებდნენ. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზეც მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

კვირის ამბები