„AM” კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე პირველად გასვლის დროს, მოქალაქეები გამოცდის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან
ახალი„AM” კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სააგენტომ, სატრანსპორტო საშუალების ახალი „AM” კატეგორიის მართვის მოწმობების გაცემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო.
„ახალი„AM” კატეგორია აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს, მის ასაღებად მინიმალური ასაკია -16 წელი. უნდა აღინიშნოს, რომ მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება, ხოლო თუ პირი ფლობს სხვა ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლებას, მას ასევე უფლება აქვს მართოს მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.