საზოგადოება
17.02.2022 11:43
კონკურსი „მწვანე ჯილდო“ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის - განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი

კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, წელსაც იმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 20 მარტის ჩათვლით გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისსმიერი საშუალო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს.

რაც შეეხება პირობებს, რასაც მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ: დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” (საშუალო სკოლაში) და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”(საბავშვო ბაღში).

კონკურსის გამარჯვებული გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდება. კონკურსი „მწვანე ჯილდო“ საქართველოში 2018 წლიდან იმართება.

კვირის ამბები