გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრები გენადი ბესტაევის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ბესტაევის დაკრძალვის ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს გენადი ბესტაევის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ამ მძიმე წუთებში ბესტაევის ოჯახს.
გარდაცვლილი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობდა. გენადი ბესტაევის დაკრძალვის ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ გენადი ბესტაევს გასული წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 16 ნოემბერს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გენადი ბესტაევი დე ფაქტო რეჟიმმა პატიმრობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და დღემდე სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა.