სტაციონარული პაციენტების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია, Covid-19-ით ინფიცირებული იმ პაციენტების მართვა, ვინც ვაქცინირებულია, ძირითადად, ამბულატორიულად ხდება, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ,,გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში - გორში, ქარელსა და ხაშურში გადავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.
,,სტაციონარიზაციის შემთხვევები მომატებულია. ამ ეტაპზე, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ სამი კოვიდკლინიკის სტაციონარული საწოლების 70%-ზე მეტი ათვისებულია. აქვე გეტყვით, რომ სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია, ვაქცინირებული პირების მართვა ძირითადად ამბულატორიულად ხდება, ვინაიდან, აცრილებში სიმპტომები და კლინიკური მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში ამბულატორიულ მართვას ექვემდებარება. არის გამონაკლისი შემთხვევებიც და ეს ძირითადად მაშინ, როცა კორონავირუსის და სხვა მანამდე არსებული თანმხლები დაავადებების თანხვედრაა. რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, ჩვენი ქსელის კოვიდკლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ფაქტობრივად გადავსებულია, გვყავს ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებიც“, - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.