გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფორნდი აფინანსებს და როგორც ცნობილია, ახალაშენებული სკოლადმელი აღზრდის დაწესებულების შენობა ექსპლოატაციაში წლის ბოლოსთვის შევა.
პროექტის მიხედვით, მეჯვრისხევის საბავშვო ბაღისთვის ორსართულიან შენობა შენდება, სადაც განთავსდება საძინებლები, გასახდელები, სამზარეულო, საკუჭნაო, ბუფეტი, დარბაზი, ლიფტი, ასევე, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვს მოემსახურება.
„იგეგმება შენობის თბოიზოლაციაც, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებას და ბიუჯეტის დაზოგვას. გარდა ამისა, პროექტი ითვალისიწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს