საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ.
აღნიშნული განცხადება განათლების სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციის პასუხად გააკეთეს. ექსპერტის რეკომენდაციით, არსებული ეპიდვითარების გამო, მიზანშეწონილია, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს.
„სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან და კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა სხვა გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისი საბჭო იღებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. აღნიშნულის გარდა, მინისტრის გადაწყვ ეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება“, - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადებულია 7 -11 მარტის ჩათვლით. დასვენების დღეა 3 მარტიც.