განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 7 თანამოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღებ გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლსა და მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების საკითხს. თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ევროკავშირის თანათავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პირველ რიგში საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით, ადგილზე შექმნილ მძიმე სოციალურ, ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 7 თანამოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლება. ევროპელ კოლეგებს გავაცანით შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის შედეგები და სტრატეგიული გადახედვის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე, რათა მიღწეულ იქნას არსებითი პროგრესი ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.