გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა
გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია აქვს.
დოკუმენტი, რომელიც დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, 2022-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზანი 14 -დან 29 წლამდე ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა.
„დოკუმენტი მომზადდა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. მისი მომზადების ყველა ეტაპში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები (ახალგაზრდები). სტრატეგია ეფუძნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“, ახალგაზრდობის სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ კვლევას, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციებსა და იდეებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
GMnews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული სტრატეგია 2018 წლიდან აქვს. ზემოხსენებული დოკუმენტი, 2022-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა.