„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გორელ ფოტოგრაფთა კლუბი აანონსებს. გორელ ფოტოგრაფთა კოლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი ინტელექტუალური თამაშების მოყვარული ახალგაზრდებისთვისაა და მასში ჩართვა IX-XII კლასელების შეეძლებათ.
„ინტელექტუალური თამაში „კაბადონი“ - ეს არის მოტივაციის ასამაღლებელი, სწავლის და გუნდურობის წამახალისებელი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის. თამაშის არსი მდგომარეობს ახალგაზრდების განათლების, ლოგიკური აზროვნების, სამართლებრივი ცოდნის გაუმჯობესების, სამართლებრივ საკითხებზე ცოდნის გაღრმავების, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ინფორმირების, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობაში“, - აცხადებენ გორელ ფოტოგრაფთა კლუბში.
დებულების მიხედვით, თამაში 2 ეტაპად გაიმართება: 1-ლი ეტაპი - შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები. გუნდი შედგება 5 წევრისგან, რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, მონაწილეები IX-XII კლასების მოსწავლეები უნდა იყვნენ. მე-2 ეტაპი - საფინალო-სატელევიზიო ფორმატის გადაცემა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პირველ ეტაპზე გამოვლენილი გუნდები (16 გუნდი), რომლებიც ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდებიან და ამის შემდგომ გაიმართება ინტელექტუალური თამაში.
ფინალურ ეტაპზე გადასული 16 გუნდი მიიღებს გარანტირებულ საჩუქრებს (ჩანთა, მაისური, ბლოკნოტი და ა.შ.). პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი - დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით.