გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 8 საბავშვო ბაღში, აქედან 7 სოფლებში, 1 კი ქალაქში მოქმედი საბავშვო ბაღია. ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 114 თანამშრომელი - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 8 დაწესებულებაში. აქედან ერთი გახლავთ ქალაქის მასშტაბით - მეტექვსმეტე საკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - და შვიდიც სოფლად - ბნავისის, ახრისის, კარალეთის მეორე, სვენეთის, ძევერის, ზეღდულეთის და ქიწნისის საბავშვო ბაღები.
ამასთან, ინფექციის დადასტურების გამო, დახურულია 4 საბავშვო ბაღის რამდენიმე ჯგუფი - გორის პირველი საბავშვო ბაღის ორი ჯგუფი, მესამე საბავშვო ბაღის ერთი გჯუფი, მეოთხე საბავშვო ბაღის ორი და მეცხრამეტე საბავშვო ბაღის სამი გჯუფი.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 114 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.