საზოგადოება
15.02.2022 14:00
ვისაც დაჰკოდვია გული ქმრისგან, მამისგან, ვისაც ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიან დროშას - 100 წლის წინ, კატო მიქელაძე გორში

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, საქართველოში 95 ორგანიზაცია მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დასაცავად, თუმცა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველოში არსებობდნენ ქალები, რომლებიც მაშინდელი მძიმე ისტორიული ხანის პირობებშიც კი იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კატო მიქელაძე - ფემინისტი ქალი, პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. სწორედ მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში, რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა.

GMnews-ი გაგაცნობთ ქართველი ფემინისტის, აქტივისტის და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლისა და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი ქალის პორტრეტს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა გორის და არამარტო გორის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში.

კატო მიქელაძე 1878 წელს, ქუთაისის მაზრაში, სოფელ კულაშში დაიბადა. დედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მამაც სახლიდან წავიდა და პატარა გოგონა მოხუცი ნათლიის იმედად დარჩა. დაწყებითი განათლება მან წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო. 1903 წელს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კატო მოსკოვში გაგზავნა პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, საიდანაც, 1906 წელს, ევროპაში გაემგზავრა და ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა, ამის შემდეგ კი კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქათა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.
1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას.

იგი საცხოვრებლად და სამუშაოდ ჯერ გორში, შემდეგ ცხინვალში გადადის. გორში მან ბიბლიოთეკა დააარსა, ცხინვალში კი, ის მესამედასელებს დაუახლოვდა და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. საიდუმლო ჯგუფი, რომელშიც კატო მიქელაძე გაერთიანდა, ძირითადად, არალეგალური ლიტერატურის გავრცელებით იყო დაკავებული. 1917 წელს კი, მისი ინიციატივით გამოვიდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი საქართველოში ,,ხმა ქართველი ქალისა“. გაზეთი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა, ფაქტობრივად, ყველა იმ თემას აშუქებდა, რომელიც ქალებისათვის დღესაც აქტუალურია.

„ვისაც დაჰკოდვია გული თავისსავე ოჯახში ქმრისგან, მამისგან, ძმისგან, ვისაც საკუთარ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული, გადმოეღვარა ცრემლი თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიან დროშას“, - კატო ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ამის მოთხოვნილება გაჩნდებოდა, ქალები კი მოუმზადებლები შეხვდებოდნენ მას. შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველება ახდა – ქალებს დღესაც სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ისინიც სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, რომ მათაც შეუძლიათ საქმის კეთება, რომ მათაც სჭირდებათ საზოგადოების ნდობა და იმედს არ გაუცრუებენ.

კატო მიქელაძე 1942 წელს გარდაიცვალა, მისი საფლავი დაკარგულია.

კვირის ამბები