საზოგადოება
15.02.2022 11:37
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს  ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

GMnews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება.   საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ. გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს,  გრანტს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი აპლიკაციის შევსება სამების ქ. N1-ში შეუძლიათ.

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები