საზოგადოება
01.10.2019 20:37
გამგებელი ხომ არ ვარ, რომ მივიდე და იქ ვიცხოვრო - ლევან რაზმაძე

გუგუტიანთნთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლევან რაზმაძე ,,ლელოს“ მადლობას უხდის დაპირებული კოტეჯისთვის, თუმცა, ამბობს, რომ შექმნილი ვითარებით ოჯახი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დღეს გეგმავენ ჩამოსვლას, სხვა არაფერი ვიცი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება, მაგრამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამ ყველაფერმა ისეთი სახე მიიღო, რომ რაღაც პოლიტიკურ ამბებში ჩაგვითრიონ, რისი არანაირი სურვილი არ გვაქვს და საერთოდ არ გვაინტერესებს ვინმეს პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ მიწის ნაკვეთი არ გვაქვს. რაც შეეხება გამგეობასთან კოტეჯის დადგმას, ეს მთლად გაუგებარია. გამგებელი ხომ არ ვარ, იქ მივიდე და ვიცხოვრო? კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, მაგრამ თუ სახლის ჩუქება უნდათ, ბოლოს და ბოლოს ჩვენი სახლის წინ დაგვიდგან გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ და მერე გამოვუძებნით ადგილს“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახისთვის საჩუქრად გადასაცემი კოტეჯი გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიიტანეს.

კვირის ამბები