საზოგადოება
14.02.2022 14:24
შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები იქმნება, საზოგადოებრივი სამუშაო თვეში 300 ლარის ანაზღაურებას ითვალისწინებს

მიმდინარე წლის განმავლობაში, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვლის ინფორმაციით, თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით ანაზღაურებით.

„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე გარკვეული საოფისე საქმიანობები.

ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვინდა, სოციალურად დაუცველებს ამ პროექტით შემოსავლის ზრდის დამატებითი შესაძლებლობები გავუჩინოთ, ანუ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ზუსტად დასაქმების მხრივ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 200 ათასზე მეტი მოქალაქე არის შრომისუნარიანი, რომელსაც ზრუნვის სხვა პრობლემები არ სჭირდება და მათ შეუძლიათ დასაქმებაში ჩართვა. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო რესურსი და ამავე დროს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც განვითარების ამ ეტაპზე ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასალახი. მათ შორის, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და საჯარო საჭიროებები არის ამ ქვეყანაში მოსაგვარებელი.

ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, შეგვიძლია ეფექტიანად გამოვიყენოთ და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასე რომ, ათობით ათასი სამუშაო ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, უკვე არის ათობით ათასი სამუშაო ადგილი იდენტიფიცირებული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კვირის ამბები