საზოგადოება
14.02.2022 12:23
პრემიერ-მინისტრი - საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება, ასევე, სოციალური დახმარება არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ანუ დახმარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიეცემა, ჩვენ ამას არ შევეხებით. ამის ზემოდან ამ პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ანუ ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, ამის ზემოდან კიდევ სამასი ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც კი, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია.

რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში, მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით, იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ 200 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროგრამით ისარგებლებენ, 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

კვირის ამბები