პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები, ამიტომ, ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა, -ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 4 028 ახალი შემთხვევა არ ასახავს რეალურად არსებულ მდგომარეობას და დაზუსტებული მონაცემები ხვალ განახლდება.
„როგორც იცით, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ. 4 028 - ინფიცირების ეს ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% . რეალურად, პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.