საზოგადოება
12.12.2019 12:13
სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციები გამკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციები მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება. კერძოდ, მოსალოდნელი ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. ამასთან, დაგეგმილია ფულადი ჯარიმების გაზრდაც. სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე 150-ის ნაცვლად 250 ლარი იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება რომელიც ფოტო/ვიდეო ფირზე ფიქსირდება არ ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულის დაკლებას. ახალი პროექტის მიხედვით კი, აღნიშნულ დარღვევას მიენიჭება ქულა. კერძოდ: 10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება; 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულას და 250 ლარიანი სანქციის დაკისრებას გამოიწვევს.
გაცილებით მეტია ზემოხსენებულ დარღვევებზე იურიდიული პირებისთვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები: „იურიდიული პირებს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა დაეკისრებათ. რაც შეეხება ქულების შემცირების შემთხვევებს როდესაც ავტომობილს არამესაკუთრე მართავს, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას, თუ ავტომობილის მესაკუთრე იმ პირის წერილობით ახსნა-განმარტებას წარმოადგენს რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს, თავად გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. შესაბამისი სანქცია კი უშუალოდ სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაეკისრება“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

კვირის ამბები