11 თებერვალს, გორელებისთვის საყვარელი რეცეპტარის - ტრიფონ გამსახურდიას დაბადების დღეზე, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ტრიფონ გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრეს.
ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი, ყველასათვის საყვარელი ,,ძია ტრიფონა“ დაიბადა 1896 წლის 11 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი, ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობდა.
გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტხანს იმუშავა. იყო აფთიაქის რეცეპტარიც, მუშაობდა კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგედ, სხვადასხვა პერიოდში იყო პროფკავშირის სამაზრო და საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ.
ტრიფონ გამსახურდიას გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით - რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებითა და ბიოქიმიის ლაბორატორიით.
ტრიფონ გამსახურდია არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ.