გორში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ქალბატონს, მარიამ სომხიშვილს დღეს 99 წელი შეუსრულდა. 50 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, ამბობს რომ 99 წელი არც ისე ბევრი ყოფილა და გეგმები ჯერ კიდევ აქვს.
მარიამ ბებოს კალთამ 3 შვილი, 3 შვილიშვილი, 6 შვილისშვილის შვილი და 4 შვილთაშვილის შვილი გაზარდა. ამბობს, რომ შვილებს, შვილისშვილებს და შვილთაშვილებს მისთვის, ყოველდღიურ საზრდოდ სიხარული, ენერგია და სიყვარული მოაქვთ.
„დავიბადე სოფელ მარანაში, 1923 წლის 11 თებერვალს, დავამთავრე ტყვიავის საშუალო სკოლა. პედაგოგიური განათლება მაშინდელ „პუშკინის“ ინსტიტუტში მივიღე. ახალბედა მასწავლებელი ხურვალეთის სკოლაში გამანაწილეს, იქვე დავოჯახდი.
50 წელი ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას და აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. მონიჭებული მაქვს ომის ვეტერანთან გათანაბრებული სტატუსი. მოვესწარი ხუთ თაობას, მყავს საუკეთესო შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და მათი შვილები“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას მარიამ სომხიშვილმა.
როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, მისი დღეგრძელობის საიდუმლო ის სიყვარულია, რომელსაც ახლობლებისგან იღებს. განვლილი მრავალწლიანი სიცოცხლის გადასახედიდან, მოუშუშებელ ტკივილად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი ექცა, რომელმაც კარ-მიდამო დაათმობინა.
„გამოიტყდებით, რომ 99 წელი არც ისე ბევრი ყოფილა, არც სიკვდილი მინდა, ჯერ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს, სიცოცხლე გრძელდება ჩემს მონაგართან ერთად.
გულნაკლული ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ 2008 წლის ომმა, სოფელ წითელუბნის განაპირას მდებარე ჩვენი ოჯახის კუთვნილი მამულები საოკუპაციო ხაზს იქით მოაქცია და ჩემი თბილი კერა დამათმობინა, რომელიც ძალიან მენატრება“, - გვითხრა მარიამ სომხიშვილმა.
,,გორის მაცნე“ დაბადების დღეს ულოცავს 99 წლის ქალბატონს და გეგმავს, ზუსტად 1 წლის შემდეგ, 100 წლის იუბილეზეც ესტუმროს.