საზოგადოება
11.12.2019 13:42
გორში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

„საახალწლო სამზადისი წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში თითქმის დასრულდა საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში კი, ნაძვის ხის აწობა-მორთვასაც დავასრულებთ და 16 დეკემბერს საზეიმოდ ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ, გასართობ ღონისძიებებს, 25 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით ნაძვის ხის გარშემო, „ატრაქციონების ქალაქი“ მოეწყობა. 3 იანვრიდან კი, ტრადიციულად, კულტურის ცენტრი საახალწლო კონცერტებს უმასპინძლებს. წინა წლების მსგავსად, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, გათვალისწინებულია სასაჩუქრე პაკეტები. კონცერტებზე დასწრება კვლავაც თავისუფალი იქნება“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თქმით, მთავარი საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს გაიმართება: 21:00 საათზე - მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით  კონცერტი, 00:00 საათზე - ფოიერვერკის მოწყობაა დაგეგმილი, შემდეგ კი - სცენაზე დიჯეი გამოჩნდება და შეკრებულებს ელექტრონულ მუსიკას შესთავაზებს.

 

კვირის ამბები