საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
„იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპზე პოტენციურ რეკრუტებს თავდაცვის უწყება სთავაზობს ყველაზე დაბალი წოდების რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარი). მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge, ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.