საზოგადოება
09.02.2022 17:30
ძია ტრიფონა - გორის ცენტრალური აფთიაქის პროვიზორ-ტექნოლოგის, ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი გორში

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე,  ყოფილი ცენტრალური აფთიაქის შენობის წინ მდებარე სკვერში, გორის მერიის ინიციატივით, პროვიზორ-ტექნოლოგის, ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგა.

გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტხანს იმუშავა.  აღნიშნულის გარდა, ტრიფონ გამსახურდია გორის ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარიც იყო, ასევე მუშაობდა კასპის რაიონის სოფ. წითელქალაქის აფთიაქის გამგედ, სხვადასხვა პერიოდში იყო პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფ. ტყვიავის აფთიაქის გამგე, ქ. გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ.

ყველსათვის საყვარელი ,,ძია ტრიფონა“ იმხანად არჩეული იყო ქ. გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ასევე გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად.
გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით - რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით.

ყველა, ვისაც კი შეხება ჰქონია ტრიფონ გამსახურდიასთან ან მისი სახელი სმენია, ძეგლის დადგმას განსაკუთრებულად პოზიტიურად შეხვდა.

,,მარტო თავისი საქმის დიდოსტატი კი არა, კარგი მამულიშვილიც ყოფილა, რადგან მართალი კაცი ვერ ერგებოდა სიყალბეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გორის არქივის სპეციალისტი ქეთევან მაჭარაშვილი წერს.

,,გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივამ რაღაც გამახსენა, ვფიქრობდი უნდა დამეწერა თუ არა, თუმცა ეს მის პიროვნებას დადებითად უფრო წარმოაჩენს ვიდრე უარყოფითად.

რამდენიმე წლის წინ, როცა ამ ჩანაწერებს წავაწყდი არქივში, უფრო მეტად დავაფასე, მივხვდი, რომ მარტო თავისი საქმის დიდოსტატი კი არა, კარგი მამულიშვილიც ყოფილა, რადგან მართალი კაცი ვერ ერგებოდა სიყალბეს.

1924 წელი - „იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნეს კომპარტიის მოპოვებული ავტორიტეტი და აგრეთვე ინტრიგას მოეღოს ბოლო წითელქალაქში, ამიტომ მოხსნილი იქნენ წითელქალაქის შემდეგი პირები: ექიმი ქსენია გურამიშვილისა, ვინაიდან მას მესჩანური მასა არ მოასვენებს და შექმნის ახალ ინტრიგას, აფთიაქის გამგე ტ. გამსახურდია, როგორც დაუღალავი ინტრიგანი, შვიდწლედის სკოლის გამგე გედევან ნუცუბიძე, როგორც დამქაში გამსახურდიასი და მოუსვენარი ინტრიგანი“ და ა.შ.

გორის რაიაღმასკომის 1937 წლის ივლისის დადგენილებით ჯანმრთელობის განყოფილების გამგე ტრიფონ გამსახურდია გაათავისუფლეს თავისი მოვალეობისგან, როგორც „კონტრრევოლუციონური მოლაყბე“ ძია ტრიფონის მადლიანი ხელით დამზადებულმა მალამომ დამწვრობის კვალი გამიქრო სახეზე, ბავშვობის წლებიდან მისი მარჯვენის დალოცვა მესმოდა. დაფასებაც და ავტორიტეტიც ისევ ხალხის სიყვარულით მოიპოვა, ქალაქ გორის ცენტრალური აფთიაქის პროვიზორ-ტექნოლოგი ტრიფონ პეტრეს ძე გამსახურდია 1986 წლის გადაწყვეტილებით არჩეული იქნა ქალაქ გორის საპატიო მოქალაქედ. ბატონობით იშვიათად მიმართავდნენ, გორელებისთვის ის ძია ტრიფონა იყო. დღეს, ამ გადასახედიდან, ალბათ ყველაზე მეტად მიხარია მისი დაფასება, დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, ცილისმწამებლები აღარავის ახსოვს, ტრიფონ გამსახურდიას ხსოვნამ გაიმარჯვა“, - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან მაჭარაშვილი.

მწერალ ვახტანგ ჭანკოტაძის წიგნში ტრიფონ გამსახურდიაზე უამრავი მოგონებაა. წიგნის მიხედვით, 1937 წლის რეპრესიებს ვერც გამსახურდია გადაურჩა, თუმცა, სიკვდილს გადარჩა.

ტრიფონ გამსახურდია 1938 წელს დააპატიმრეს და ციხეში 2 წელიწადნახევარი დაჰყო. 1940 წელს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ტრიფონ გამსახურდია საქართველოს სსრ მთავრობის მიერ დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, საიუბილეო მედლით და შრომის ვეტერანის, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის სიგელებით და დიპლომებით.
გორში, სტალინის ქ. #24-ში მდებარე შენობის კედელზე, სახლში, სადაც 30-ზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ცნობილი აფთიაქარი, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფაა გაკრული. ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ.

ტრიფონ გამსახურდია დაიბადა 1896 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1993 წლამდე, ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობდა.
კვირის ამბები