დიმიტრი ვეშაპურმა კლასიკური მუსიკის და ხელოვნების ფესტივალზე წარმატებული მონაწილის დიპლომი დაიმსახურა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიმიტრი ვეშაპურმა, კლასიკური მუსიკის და ხელოვნების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური კულტურული ღონისძიებიდან, რომელსაც ბათუმი მასპინძლობდა, 16 წლის ახალგაზრდა მხატვარი წარმატებული მონაწილის სტატუსით დაბრუნდა. სახელოვნებო ღონისძიების სახელწოდებას - „ ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გახლდათ. რაც შეეხება ნამუშევრების თემატიკას, რომელიც დიმიტრი ვეშაპურმა საზოგადოებას წარუდგინა, ძირითადად ფანქარში შესრულებული პორტრეტები და სილუეტები გახლდათ. მის მიერ გამოფენაზე წარდგენილი იყო „ვეფხისტყაოსანის“ თემატიკაც.
როგორ „გორის მაცნემ“ ახალგაზრდა მხატვრის დედასთან, ეკატერინე გიორგობიანთან საუბრისას გაარკვია, დიმიტრიმ ხუთი წლის წინ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ხატვა აინტერესებდა და უნდოდა, სამომავალო პროფესიაც ამ მიმართულებასთან დაეკავშირებინა. ხატვის გაკვეთილებზე სიარული 10 წლის ასაკში დაიწყო, ფანქარს და შავ-თეთრ ფერებს თავიდანვე გამორჩეულად დაუმეგობრდა. ჯერ სამხატვრო სკოლის მოსწავლე იყო, შემდეგ კი, უკვე მეორე წელია, ნინო დაღელაშვილის სამხატვრო სტუდია-სახელოსნოში ეუფლება ხატვის ტექნიკასა და ხელოვნების ამ დარგის სიღრმეებს. მომავალში კი სურს, რომ არქიტექტორის პროფესია აირჩიოს.
ეკატერინე გიორგობიანმა ასევე გაგვიმხილა, რომ ახლო მომავალში, დიმიტრიმ მოწვევა მიიღო ორგანიზატორებისგან, რომლებიც გამოფენის მოწყობას „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე გეგმავენ და ერთ-ერთი საპატიო მონაწილე სწორედ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მოზარდი იქნება