კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 27 საბავშვო ბაღში, ინფიცირებულია მუნიციპალური ბაღების 180 თანამშრომელი
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 27 საბავშვო ბაღში, აქედან 22 სოფლებში, 5 კი ქალაქში მოქმედი საბავშვო ბაღია. ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 180 თანამშრომელი - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 27 დაწესებულებაში. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 180 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
GMnews-ის ინფორმაციით, თვითიზოლაციის ვადა, დღეს ამოიწურა და შესაბამისად სწავლა განახლდა დიცის და ორთაშენის საბავშვო ბაღებში. ხვალიდან კი, სასწავლო პროცესი გორის მეხუთე საბავშვო ბაღშიც აღდგება.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.