2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის - ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მის მშობლიურ სოფელში, კარალეთში მოეწყობა.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მემორიალისა და სკვერის მოწყობა სოფლის ცენტრში იგეგმება.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ოთარ სუხიტაშვილი მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად განსახორციელებელი პროექტის სავარაუდო ღირებულება 37.935.00 ლარს შეადგენს და აღნიშნულ სამუშაოებს სრულად აფინანსებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.