საზოგადოება
08.02.2022 11:56
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გასულ წელს,45 პროექტი ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და მერიას წარუდგინეს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე კულტურული, სოციალური, სპორტული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებასაც. დაიწია მონაწილეთა ასაკობრივმა ზღვარმაც, პროგრამის მიხედვით, ინიციატივების წარდგენა მოქალაქეებს უკვე 16 წლიდან შეეძლოთ.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ დემოკრატიული პროცესია და აძლევს მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავად დაასახელონ, რა არის მათ ადმინისტრაციულ ერთეულში ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები. პროგრამის მიზანიც სწორედ ესაა - მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200 პროექტი წარმატებით განხორციელდა.
კვირის ამბები