ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გამოფენა გაიმართა. საკუთარი ფერწერული ნამუშევრები საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამხატვრო სკოლისა და თავისუფალი სამხატვრო სალონის მოსწავლეებმა გამოფინეს.
ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გახლდათ, აქტივობა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიმართა.
„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია 10 დეკემბერს სამხატვრო ნამუშევრების გამოფენით დასრულდა. ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცე ბაგა-ბაღებისა და თავისუფალი სამხატვრო სახელოსნოს აღსაზრდელების ნამუშევრებს დაეთმო. პატარა მხატვრებს სამახსოვრო სიგელები ევროკავშირის პროექტის კოორდინატორთან, პატრისია როსა გარსიასთან ერთად
გადავეცით და აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის მადლობა გამოვუხადეთ“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გორში 25 ნოემბერს დაიწყო და მის ფარგლებში 16 დღის განმავლობაში გენდერული საკითხების პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა.