გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მშობლების მოთხოვნით, 2400-მდე მოსწავლე დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სასწავლო პროცესს.
როგორც GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, დისტანციური სწავლების სურვილი 2 398 მოსწავლის მშობელმა გამოხატა და დარეგისტრირდა შესაბამის პლატფორმაზე.
შეგახსენებთ, რომ დისტანციური სწავლების მოთხოვნის შესაძლებლობა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე online.emis.ge.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
ცნობისთვის, ინდივიდუალური გადაწყვეტილების გარდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ონლაინსწავლებაზეა გადასული გორის მუნიციპალიტეტის 35 სკოლა.