„მიწის სისტემური წესით დარეგისტრირება არ იწვევს სოციალური სტატუსის მოხსნას,“ - ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს. ამიტომ, უწყება მოსახლეობას მიმართავს, კუთვნილი მიწების დასარეგისტრირებლად იაქტიურონ.
„შეგახსენებთ, აქამდე მიწის ფლობისთვის, ხშირ შემთხვევაში, სოციალური დახმარება არ გაიცემოდა, ან წყდებოდა. ამ ეტაპზე ეს შემაფერხებელი გარემოება აღარაა. საქართველოში, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მეშვეობითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი გაუშვა. ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია,“ - აცხადებენ საჯარო რეესტრში
საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, საპილოტე პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ. ამასთან, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.