საზოგადოება
11.12.2019 12:11
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივითა და მონაწილეობით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

აქტივობის ფარგლებში, ქალაქის მთავარ მოედანზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღიმართა. შეკრებილთა შორის გახლდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები. დამსწრე საზოგადოებას გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ! სულ ახლახანს, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენი ქვეყანა პირველად იკავებს ამ მნიშნელოვან პოზიციას, შესაბამისად, ეს არის დიდი პრესტიჟი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. 20 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ქართველები სრულიად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო შემდეგი პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დღესაც აგრძელებს ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ. ამასთან, გასული პერიოდის განმავლობაში, ქვეყანამ ურთულესი სიძნელეები გადალახა, სამომავლოდ კი, სახელმწიფოს შენების საქმეში, ქალაქის თავი ახალაზრდების როლს ცალსახად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  

დროშების აღმართვის პარალელურად გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, ასევე გაუშვეს ფერადი კვამლი საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფერებში.

კვირის ამბები