სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, ჭის, წვეთოვანი სისტემის მოწყობა - რა მიმართულებით ისარგებლებენ ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, ჭის, ჭაბურღილის თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობასაც შეძლებენ. ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტიც.
მთლიანობაში, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების თანადაფინანსება განხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი;
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი;
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.
მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდზე: www. rda. gov. ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ასევე მოქმედებს საინფორმაციო დეპარტამენტის ცხელი ხაზიც - 1501.