გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფიცირებულია საბავშვო ბაღების 90 თანამშრომელი, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 30 საბავშვო ბაღში.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 30 დაწესებულებაში. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 90 თანამშრომელი, რაც შეეხება აღსაზრდელებს, ჩვენთვის მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებულია 42 ბავშვი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.