1975 წელს დაბადებული გიორგი მეგრელიშვილი, რომელსაც გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 82 წლის მამამ დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებული 4 დღის განმავლობაში ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რეანიმატოლოგების განცხადებით, მამაკაცს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
,,მამაკაცი კლინიკაში შემოყვანილი იყო 30 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებით. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები, მკურნალობას განაგრძობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა, რჩებოდა კრიტიკული, არასტაბილური და დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. რაც შეეხება დაზიანებებს, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული ჰქონდა 30-ზე მეტი დაზიანება, ჭრილობები აღენიშნებოდა თავის არეში, გულმკერდისა და მუცლის არეში, კიდურებზე, დაზიანებული იყო მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო, შესაბამისად, დაზიანებების ხარისხი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი“, - განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა ინგა ელბაქიძემ.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორში, 30 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. 47 წლის შვილის - გიორგი მეგრელიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა - კარლო მეგრელიშვილი დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, იგი წლების განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო შვილის მხრიდან.