საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში, უსიმპტომო პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანია, სიმპტომიანებისთვის კი - უფასო.
უწყების ცნობით, სწრაფი ტესტის ღირებულებას კერძო სექტორი განსაზღვრავს. ტესტის საფასური 25 ლარიდან იწყება, PCR-ის კი, საშუალოდ, 50 ლარს შეადგენს.
პროტოკოლის მიხედვით, იმ უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის „სწრაფი ტესტით“ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ექიმის მიმართვით PCR კვლევას ჩაიტარებენ ასევე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე ის პაციენტები, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია.
ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ ტესტირებისთვის მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, კორონავირუსზე ტესტირება 500-მდე დაწესებულებაშია შესაძლებელი.