საზოგადოება
02.02.2022 12:57
მიმდინარე წელს, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 12 სოციალური პროექტი დააფინანსა
2022 წელს, გორის მერიამ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 12 სოციალური პროექტი დააფინანსა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერია წლებია წარმატებით თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
GMnews-ის ინფორმაციით, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები მერიაში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა და მათი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება პროგრამის კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო.
დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობამოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას (20 ბენეფიციარი); შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი); მზრუნველობამოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი); 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობას (60 ბენეფიციარი); მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი); შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი); დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას(70 ბენეფიციარი), მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (39 ბენეფიციარი); კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას; სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული 16 მოხუცებულის თავშესაფრით უზრუნველყოფას (24 საათიანი მომსახურება, კვება, რეაბილიტაცია); სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის 40 აღსაზრდელის საზაფხულო ბანაკში დასვენებას; დევნილი და სოციალურად დაუცველი 20 მოზარდის რეაბილიტაციას და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, გადაადგილებაშეზღუდული 20 ბენეფიციარისთვის გორისა და ატენის ეპარქიის უფასო სასადილოდან ცხელი საკვების მიწოდებას და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.
კვირის ამბები