საზოგადოება
02.02.2022 11:03
შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ წიგნიერების დონის ამაღლების კამპანიის ფარგლებში ლადო აფხაზავას უმასპინძლა

შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში, 30 იანვარს ლადო აფხაზავასთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული და 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი პედაგოგი მოსწავლეებს და ბიბლიოთეკის მკითხველს შეხვდა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე სემინარი ჩაატარა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, წიგნიერების დონის ამაღლება ბიბლიოთეკის 2022 წლის მთავარ მიზანს წარმოადგენს და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

„კამპანია გულისხმობს საინტერესო სტუმრების მოწვევას ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის, სხვადასხვა საინტერესო აქტივობის ჩატარებას და აქტიური მკითხველებისთვის წამახალისებელ ჯილდოებს. ამჯერად, ბიბლიოთეკას შეხვედრის ორგანიზებაში კომპანია „იულიუს მაინლი“ დაეხმარა, რომელმაც ბიბლიოთეკას 50 წიგნი გადასცა საჩუქრად. წიგნებს კომპანია მთელი იანვრის განმავლობაში აგროვებდა, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ბიბლიოთეკისთვის კომპანიის შოურუმში წიგნი დაეტოვა საჩუქრად, თანაც, თითოეულ ნაჩუქარ წიგნს სამახსოვრო წარწერა აქვს, რითაც გამჩუქებლები საკუთარ თავგადასავალს უზიარებენ ბიბლიოთეკის მკითხველებს“, - აცხადებენ შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში.

GMnews-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ბიბლიოთეკის სახელით დაჯილდოვდნენ შინდისის საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, ვინც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან. მათ მადლობის სიგელებთან ერთად, წიგნის სასაჩუქრე 30 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

კვირის ამბები